ყოფილი პრემირმინისტრის, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებაში ყოფნისას მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელისუფლებაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენები გაძლიერებული ინსტიტუტებით ყოფილიყო ჩანაცვლებული.
ეს განცხადება გახარიამ ფორმულას ჟურნალისტის ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა - "არის და იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი".
ყოფილი პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილის მიუხედავად, ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა.
"ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და საერთოდ პოლიტიკურ პროცესზე რა თქმა უნდა არის უაღრესად დიდი და ყოველთვის ასეთი იყო. ეს მისი მოღვაწეობიდან, არა 2012 წლიდან, არამედ უფრო ადრე იყო განპირობებული მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის ჩათვლით. ეს ყველაფერი მასაც ყოველთვის აღიარებული ჰქონდა.
ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ეს გავლენები, რომელიც მას ჰქონდა და ალბათ აქვს, მე არ ვიცი ეს დღეს როგორ ხდება, სულ უფრო და უფრო უნდა ჩანაცვლებულიყო გაძლიერებული ინსტიტუტებით. ეს ერთადერთი რისი თქმაც შეიძლება, რომ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. ეს არის დიდი პრობლემა", - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას გახარიამ პარალელი მიხეილ სააკაშვილთან გაავლო და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე მას უკრაინაში ჩააკითხეს.
"არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ოპოზიციასაც ეხება. მაგალითისთვის, რამოდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმ გადაწყვეტილების მისაღებად შევიდეს პარლამენტში თუ არა, ჩავიდა უკრაინაში. რით განსხვავდება ეს? სანამ ჩვენ ყველა ერთად ჩვენი პოლიტიკური კულტურის ამ არანორმალურობას არ დავამთავრებთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება მიდრეკილება კერპების მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა მხოლოდ, საზოგადოების და პოლიტიკური კულტურის პრობლემაა", - თქვა გიორგი გახარიამ.